მშობიარობის შემდეგ სექსუალური ცხოვრების განახლება ქალისთვის ადვილი არ არის. თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ დროთა განმავლობაში ბევრი ქალი სექსისგან უფრო მეტ სიამოვნებას იღებს, ვიდრე ბავშვის გაჩენამდე.

მედიცინა ვაგინალურ სექსზე დაბრუნებას, როგორც წესი, მშობიარობიდან 5-6 კვირის შემდეგ, პირველი პროფილაქტიკური შემოწმების საფუძველზე უშვებს. ეს მხოლოდ ქვედა ზღვარია: სასქესო ორგანოების სრულ აღდგენას ხშირად 3-6 თვე სჭირდება, ხოლო ყველაზე ხშირად სიახლოვისთვის თავის არიდების მიზეზი ფიზიოლოგია კი არა, შიშია.

ტკივილი საშოში

მშობიარობას ხშირად ახლავს ჩახევები, ან განაკვეთს თავად მეანი აკეთებს დედისა და ნაყოფის ნაკლები ტრავმატიზაციისთვის. მათ შეხორცებას დრო სჭირდება და მას შემდეგაც კი, ქალს შეიძლება სივიწროვისა და დაჭიმულობის შეგრძნება დარჩეს.

ამის მოსაგვარებლად ქალმა ან მისმა პარტნიორმა უხვად დასველებული თითებით ნაზად უნდა გაჭიმოს საშოს კედლები - წყალზე დაფუძნებული ლუბრიკანტით, რომელიც ლორწოვანს არ აღიზიანებს და პრეზერვატივთანაც თავსებადია. პარალელურად შესაძლებელია სხვა ფორმის სიახლოვე, ხოლო როცა დისკომფორტი შემცირდება, ვაგინალურ სექსზე გადასვლაც.

თუ ტკივილი მშობიარობიდან 6 თვეზე მეტხანს გრძელდება, გინეკოლოგის კონსულტაცია აუცილებელია. ხშირად საქმე მენჯის ფსკერის კუნთების დისფუნქციასთან გვაქვს, რაც ფიზიოთერაპიით კარგად იმართება.

საშოს სიმშრალე

მშობიარობის შემდეგ ესტროგენის დონე მკვეთრად ეცემა, ამიტომ სიმშრალე ამ პერიოდის ტიპური პრობლემაა - განსაკუთრებით მაშინ, თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა. პირველი ნაბიჯი ლუბრიკანტია.

თუ ეს არ კმარა, გინეკოლოგი შესაძლოა დანიშნოს ესტროგენის შემცველი ადგილობრივი კრემები, რომლებიც უშუალოდ საშოს კედლების მიერ შეიწოვება. ისინი აგზნებისას ლორწოს გამომუშავებას ასტიმულირებს და ლაქტაციაზე გავლენას არ ახდენს. მსგავს ეფექტს იძლევა თბილი აბაზანა და ხანგრძლივი წინასწარი ალერსიც - რაც ამ პერიოდში ჩვეულებრივზე მეტ დროს მოითხოვს და ეს ნორმალურია.

რძე სექსის დროს

პირველი 6 თვის განმავლობაში ძუძუთი კვება ბავშვის იმუნიტეტისთვის საჭიროა, თუმცა ეს წყვილის სექსუალურ ცხოვრებაში ხანდახან უხერხულობას ქმნის: აგზნებისას გამოყოფილი ოქსიტოცინი რძის გამოჟონვას იწვევს.

გამოსავალი მარტივია - სექსის დროს ჩასაფენებიანი ბიუსტჰალტერი, რომელსაც ქალი არ იხდის. სასურველია, სიახლოვე კვების ან წველის შემდეგ დაიგეგმოს, როცა მკერდი შედარებით ცარიელია.

წონა და თვითშეფასება

ბევრ ქალს მშობიარობის შემდეგ დარჩენილი წონა დისკომფორტს უქმნის და ჰგონია, რომ პარტნიორისთვის აღარ არის სასურველი. ეს თვითშეფასებაზე პირდაპირ აისახება.

აქ ორი რამ ღირს გახსენება. პირველი: სხეულის აღდგენას ბუნებრივად თვეები სჭირდება და ლაქტაციის პერიოდში მკაცრი დიეტა უკუნაჩვენებია - საკვები დაბალანსებული უნდა იყოს, კალორაჟის შემცირება კი თანდათანობითი და ექიმთან შეთანხმებული. მეორე: პარტნიორისთვის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი დაბრუნებული სიახლოვეა და არა წელის გარშემოწერილობა.

დაეხმარე საკუთარ თავს პატარა რამეებით - ლამაზი საცვალი, სალონი, ახალი ვარცხნილობა. და თუ განწყობის ვარდნა რამდენიმე კვირაზე მეტხანს გრძელდება, ტირილიანობა ან უინტერესობა თან ახლავს, ეს უკვე მშობიარობის შემდგომი დეპრესიის ნიშანი შეიძლება იყოს და სპეციალისტთან მისვლას საჭიროებს.

ხელახალი ორსულობა

ქალების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ლაქტაციის პერიოდში დაორსულება გამორიცხულია. ეს მცდარი მოსაზრებაა: ძუძუთი კვება ჩასახვისუნარიანობას მხოლოდ ასუსტებს და მხოლოდ მკაცრი პირობების დაცვისას - პირველი ექვსი თვე, ღამის ჩათვლით რეგულარული კვება, მენსტრუაციის არარსებობა. პრაქტიკაში ამ პირობებიდან ერთი მაინც ირღვევა.

ამიტომ რეკომენდებულია კონტრაცეფცია: მხოლოდ პროგესტინის შემცველი ტაბლეტები ან ინექციები, რომლებიც რძის გამომუშავებას არ ამცირებს. ალტერნატივაა მექანიკური, ქიმიური ან ქირურგიული მეთოდები - კონკრეტული არჩევანი კი გინეკოლოგთან ერთად უნდა გაკეთდეს.