ჩემი ცოლი, ნათია, ბოლო დროს გრილად მექცევა. უცნაურ საათებში ბრუნდება სახლში და ტელეფონს მალავს. მეგონა, მღალატობდა, მაგრამ ყველაფერი ბევრად უფრო უარესია. ბევრად...
ყველაფერი 6 თვის წინ დაიწყო.
ვკითხე, რატომ ბრუნდებოდა სახლში ასე გვიან. მიპასუხა, რომ მის კომპანიაში „იმაზე მეტი საქმე იყო, ვიდრე ოდესმე“.
თავიდან ოდნავ დავმშვიდდი. დღესდღეობით იმდენი კომპანია ეძებს მიზეზს ხალხის გასაშვებად და ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტებით ჩასანაცვლებლად, გავიფიქრე, რომ მცირე ხნით მაინც მისი სამსახური უსაფრთხოდ იყო.
მომდევნო თვეების განმავლობაში ისე მოდიოდა და მიდიოდა, როგორც სურდა. შემდეგ კი ზარები დაიწყო - ტელეფონი დღე-ღამის ნებისმიერ დროს რეკავდა.
გასულ კვირას, სანამ ის შხაპს იღებდა, ტელეფონმა ისევ დარეკა. ავიღე, მაგრამ არავინ მპასუხობდა. მხოლოდ ხმაური და ხაზის მეორე მხრიდან ვიღაცის მძიმე სუნთქვა ისმოდა.
მან ისევ უარყო ყველაფერი; თქვა, ალბათ სატელეფონო მარკეტინგი იყოო. მაგრამ ღამის 1 საათზე ასეთი აგენტებიც კი არ რეკავენ.
ბოლოს მოთმინების ფიალა ამევსო. დრო იყო, ჩუმად მივჰყოლოდი, ფაქტზე წამომეჭირა და გამეგო, რას აკეთებდა.
დღეს დილით ადრე ავდექი, სხვა მანქანა ვიქირავე და ცოლს თვალი გავადევნე.
ჯერ ოფისში წავიდა. შვებით ამოვისუნთქე, როდესაც მისი მანქანა ავტოსადგომზე შევიდა.
„ყოველ შემთხვევაში, სამსახურზე არ მოუტყუებია.“
გზიდან მისი სამუშაო მაგიდა ჩანდა. მთელი დღე ვუთვალთვალებდი, უბრალოდ იმის დასარწმუნებლად, რომ უფროსები ან კოლეგები არ ეფლირტავებოდნენ.
თუ ფიქრობთ, რომ მთელი დღე კომპიუტერთან ჯდომა მოსაწყენია, სცადეთ, მთელი დღე უყუროთ ვინმეს, ვინც მუშაობს. ნათია მაგიდას თითქმის არ მოშორებია, ისადილა კიდეც იქვე.
„ღმერთო ჩემო, გასაკვირი არ არის, რომ გვიან ბრუნდება. ჩემი დღე რომ ასეთი ყოფილიყო, სახლისკენ მიმავალ გზაზე ყველა ბარში შევივლიდი - ცოტაოდენი განტვირთვისთვის მაინც.“
ბოლოს 5 საათიც გახდა. გული გამისკდა, როცა მანქანა ზუსტად დროზე დაქოქა და წავიდა.
როგორც კი დაიძრა, შეტყობინება მომივიდა:„გვიანობამდე ვრჩები, სახლში 8 საათამდე ვერ მოვალ, კოცნა XXX“
ცოტაც და იქვე გამოვააშკარავებდი, მაგრამ ვიცოდი, რაღაც გამართლებას მოიფიქრებდა. ისეთ სიტუაციაში უნდა დამეჭირა, რომ ტყუილის თქმის შანსი არ ჰქონოდა.
მანქანა ქალაქის ძველი ნაწილისკენ წაიყვანა. არ მჯეროდა იმის, რასაც ვხედავდი - იმ ქუჩაზე შევიდა, სადაც მე გავოზარდე.
გონება მიტრიალებდა: „სად აპირებს გაჩერებას? ჩემი რომელიმე ძველი მეგობარი ხომ არ ხვდება? მათგან რომელ სახლთან გაჩერდება?“
მისი მანქანა ბოლოს წმინდა ჯეიმსის ეკლესიის ავტოსადგომზე შევიდა.
„წმინდა ჯეიმსი?“
ბავშვობაში მძულდა ეს ეკლესია - დედაჩემი ყოველ კვირას იძულებით მატარებდა.
„მეგონა, ისევ დაკეტილი იყო... ეტყობა, ხელახლა გახსნეს.“
ახლაც კარგად მახსოვს იმ დღის დეტალები, როდესაც დაიხურა: პასტორმა გრეგმა გულზე ხელი მოიჭირა და იატაკზე დაეცა. დედაჩემი მეუბნებოდა, ღმერთს ის ზეცაში სჭირდებაო. ახლაც ვგრძნობ ლოყაზე იმ სილის სიმწარეს, როცა ვუთხარი, არ მგონია-მეთქი, ზეცაში მიდიოდეს.
ჩემი ცოლი მანქანიდან გადავიდა და კართან მდგარ ჯგუფს მიესალმა.
„რატომ უნდა მოეტყუებინა ეკლესიაში წასვლაზე? განა ხელს შევუშლიდი? რა თქმა უნდა, წლების წინ უარი ვთქვი რელიგიაზე, მაგრამ ეს არ მანაღვლებს, შეიძლება გავჰყოლოდი კიდეც.“
აზრები თავში არ მეტეოდა. 6 თვის წინ, სრულიად მოულოდნელად, მან დალევას თავი დაანება.
„რამე მოხდა? ანონიმურ ალკოჰოლიკთა შეხვედრებზე დადის? სმა კი უყვარდა, მაგრამ ალკოჰოლიკად არასდროს მიმიჩნევია...“
„ჯანდაბა! შიგნით უნდა შევიდე. უნდა ვიცოდე, რას აკეთებს.“
ყველა გიგანტური ხის წინა კარით შედიოდა. იქიდან შესვლა არ გამოვიდოდა - შეიძლება ვინმეს ეცნო, რომ მისი ქმარი ვარ.
ჩუმად ჩავიცინე. ეტყობა, დედა მართალი იყო - დადგებოდა დღე, როცა საკვირაო სკოლაში სიარული გამომადგებოდა. პასტორი გრეგი აიძულებდა ბავშვებს, უკანა კარი გამოგვეყენებინა, რომელიც პირდაპირ მის კაბინეტში გადიოდა, კაბინეტი კი მთავარ დარბაზს უკავშირდებოდა.
უკანა მხარეს ჩუმად მივეპარე და ძველი პასტორის ოთახის კარი ფრთხილად გავაღე. მისი ოდესღაც იდეალური კაბინეტი სრულ ქაოსს ექცია: იატაკზე მინის ნამსხვრევები ეყარა, ყველგან მტვერი იდო და კედლები გრაფიტით იყო დაფარული. მისი გარდაცვალების დღიდან იქ არავის შეედგა ფეხი.
შორიდან საეკლესიო საგალობლების ხმა ისმოდა.
„გუნდში მღერის? რატომ უნდა დაემალა ეს?“
ჩუმად გამოვედი კაბინეტიდან და მეორე სართულზე ასასვლელ კიბეს ავუყევი. იქიდან მთავარი დარბაზი ხელისგულივით ჩანდა. ქვემოთ ასამდე ადამიანი გალობდა. ეს სიმღერა აქამდე არასდროს მსმენოდა - გრიგორიანული სტილის საზარელი გალობა ჰაერში ირხეოდა და ეკლესიის კედლებს ექოდ ეხლებოდა. ზურგში ჟრუანტელმა დამიარა. არასდროს მენახა, ვინმეს ასე ემღერა.
როდესაც გალობა შეწყდა, ქვემოთ მყოფთ თვალი შევავლე. ყველას გრძელი, შავი მოსასხამი ეცვა.
თვალები შუბლზე ასვლა, როცა დარბაზის ცენტრში გიგანტური პენტაგრამა დავინახე!
„ჯანდაბა! სექტაში გაწევრიანებულა. ღმერთო ჩემო!“
ჩემი ცოლი პენტაგრამისკენ დაიძრა. ხელში პატარა ლეკვი ეჭირა. შორიდან ზუსტად ვერ გავარჩიე, მაგრამ ოქროსფერ რეტრივერს ჰგავდა.
წლების წინ ვუთხარი, რომ ოქროსფერი რეტრივერის ყოლა ჩემი ოცნება იყო.
„ნუთუ სექტის ძაღლი უნდა მომეყვანა სახლში? ნეტავ უბრალოდ ეღალატა...“
ნათიამ სექტის წევრებს შეხედა და ლეკვი ერთი ხელით მაღლა ასწია. მის დანახვაზე ყველამ ყვირილი დაიწყო.
ულამაზესი პატარა ძაღლი იყო. თვალებს გაშინებული აცეცებდა და ცდილობდა, პატარა ბურთულასავით შეკეცილიყო.
მისი შიში დიდხანს არ გაგრძელებულა - ჩემმა ცოლმა ქამრიდან დანა ამოიღო და ლეკვს ყელი გამოჭრა.
ხმა, რომელიც ცხოველმა გამოსცა, აღწერას არ ექვემდებარება.
ცოტაც და ყვირილით გავცემდი ჩემს სამალავს, როცა მან ლეკვი პენტაგრამის ცენტრში ისროლა.
გალობა ხელახლა დაიწყო, ამჯერად - უფრო ხმამაღლა.
ძაღლის სხეულმა წითელი ნათება დაიწყო.
როდესაც სიმღერამ კულმინაციას მიაღწია, ლეკვის სხეული შეზანზარდა და იმაზე საშინელ არსებად დაიწყო გარდაქმნა, ვიდრე ოდესმე მენახა.
როდესაც ურჩხულმა იღრიალა, ბრბომ ყჟინველი დასცა.
ჩემი ცოლი მის წინ მუხლებზე დაეცა, არსება კი ფეხზე წამოდგა და ღრმა, ბოხი ექოთი თქვა:
- ჩვენ შორის უცოდველია.
ეკლესიაში ჩურჩულმა გადაირბინა, ყველამ აქეთ-იქით დაიწყო ყურება.
არსების თვალები ჩემსას შეეჩეხა. სუნთქვა შეიკრა, როდესაც მან ხელი ჩემკენ გამოოშვირა:
- აი, უცოდველი!
მაშინვე ძირს დავვარდი და იმაზე სწრაფად გავქანდი, ვიდრე ოდესმე მირიბენია. კიბეები ჩავირბინე, ისევ პასტორის კაბინეტში შევხტი და უკანა კარიდან მანქანისკენ გავვარდი. საბურავების წივილით მოვწყდი ადგილს.
სახლისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობის ყველა წესი დავარღვიე. გონება მიტრიალებდა:„ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა! რაში გაეხვია?!“
მანქანა ეზოში მივაგდე და პირდაპირ იარაღის სეიფისკენ გავქანდი. შაშხანა და პისტოლეტი გამოვიღე.
ამ დროს ტელეფონზე შეტყობინება აციმციმდა:„მალე სახლში ვიქნები, კოცნა XXX“
„ჯანდაბა!“ - დავიყვირე და კიბეებზე დავეშვი.
მაცივრიდან სათადარიგო ექვსქილიანი ლუდი გამოვიღე, ერთი ქილა გავხსენი და სულმოუთქმელად დავლიე.
მისაღებ ოთახში გადავედი, სკამი პირდაპირ კართან დავდგი, იარაღის საბრძოლო მდგომარეობა შევამოწმე, დავჯექი და მეორე ქილაც გადავკარი.
ახლა მის დაბრუნებას ველოდები. არ ვიცი, რას გავაკეთებ, როცა შემოვა...
„ჯანდაბა! რა მოავლინა ამ ქვეყანას? დემონი? ეშმაკი? ანტიქრისტე?!“
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის.